ავტორისგან
ციფრული თოჯინა, თანამედროვე პინოქიო.
XXI საუკუნის ზღაპრის გმირი არაჩვეულებრივი კომპიუტერული ნახატია – პატარა ინტერესიანი ბიჭუნა, რომელიც მოხუცმა პროგრამისტმა შექმნა. აქ არის ჭრიჭინაც, ბიჭუნას მეგობარი, ორი ჰაკერიც ანუ კომპიუტერული მეკობრე, რომლებიც ქსელში წანწალით და ინფორმაციის მოპოვებით ირჩენენ თავს და რა თქმა უნდა, აქ არის ბაბა-ბოსიც – ციფრული თამაშების მაგნატი.
გეცნობათ სიუჟეტი? ეს თემა ყოველთვის იზიდავდა ადამიანებს. უკვე მრავალჯერ თქმულა და დაწერილა, სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად, მაგრამ ეს უჩვეულო ამბავი დღესაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას. თანამედროვე მსოფლიოსათვის ის ისევ ძვირფასი და მნიშვნელოვანია. მართლაც, იქნებ ბრძენი მამის მიერ შექმნილ არსებაში კაცობრიობა საკუთარ თავს ხედავს და პატარა თოჯინას ნამდვილ ადამიანად სასწაულებრივი გარდაქმნა ცხოვრების არსის მანიშნებელია?
რაც ნამდვილად ვიცით: სამყარო ერთიანია, უსაზღვრო და განუზომელი. სამყაროსათვის არ არსებობს ძველი და ახალი ამბავი. ის მარადიულია და ყოველი ამბავი მასშია. დღეს XXI საუკუნეა – კომპიუტერული ხანა. თხრობა გრძელდება და ჩვენი ციფრული ბიჭუნაც საბოლოოდ ნამდვილ ბავშვად გადაიქცევა.
რადგან მოთხრობა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეხებოდა, როგორც გრაფიკოს-დიზაინერმა, წიგნი თანამედროვე ვექტორული გრაფიკით დავასურათე. თუმცა, როგორც კალიგრაფი ღრმა შთაგონებას ძველი ხელნაწერების მოხატულობიდან ვიღებდი. შედეგად, მიღებულ ილუსტრაციებში თანამედროვე ციფრული დიზაინი და წიგნის უძველესი ხელოვნება გაერთიანდა.
წიგნების, შრიფტების, დეკორატიული ორნამენტების, მუსიკის, თამაშებისა და კომპიუტერული პროგრამების შექმნა დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია და ამ საქმეს თქვენ უნდა მიხედოთ, ძვირფასო ბავშვებო! ასე მოგმართავთ, რადგან ვიცი – ტექნოლოგიებს უფროსებზე ბევრად უკეთ ფლობთ. ვიცი, არ შეუშინდებით დაბრკოლებებს, იქნებით შემართებულნი და დამოუკიდებელნი. ვიცი, რომ მალე უკეთეს წიგნებს წარუდგენთ საზოგადოებას, შექმნით გასაოცარ ციფრულ პროგრამებს და ახალი, მშვენიერი მუსიკით გაახარებთ მთელ მსოფლიოს, რადგანაც კომპიუტერული შემოქმედებისათვის არ არსებობს საზღვრები, ისევე, როგორც არ გააჩნია ზღვარი ადამიანის ფანტაზიას.
გაიგეთ მეტი ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ
მოთხრობის თავდაპირველი ვერსია გამარჯვებულია 2001 წელს იუნისეფის (UNICEF – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი) მიერ ჩატარებულ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა პატარებისათვის ლიტერატურული საკითხავის შექმნას ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის თემაზე.
წლების შემდეგ მოთხრობა უფრო სახალისო თავგადასავლად განვავრცე, წიგნი დავასურათე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის 54 შემოკლებული მუხლი დავურთე. ამ მუხლების გამომხატველი გრაფიკული სიმბოლოები მთელ ისტორიაში ჩნდება, უკავშირდება აღწერილ ამბავს და წიგნის ბოლოს სრულ საგანმანათლებლო შეჯამებაში აისახება. ასე რომ, ნუ გამოტოვებთ სიმბოლოებს, გაეცანით ბავშვის უფლებებს მოთხრობის მაგალითზე და საერთაშორისო კონვენციის მნიშვნელობა ნათლად გამოჩნდება.
