ქართული კალიგრაფიის ჰარმონიები (Georgian Calligraphy Harmonies)

ლევან ჩაგანავას ინსტრუმენტული მუსიკა

ლევან ჩაგანავა – ქართველი კომპოზიტორი

შესაძლებელია სრული ალბომის შეძენა და ჩამოტვირთვა

20 კომპოზიცია, MP3, 320 kbps, ხანგრძლივობა: 01:07:34

შეძენა-ჩამოტვირთვა

ლიცენზირებულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. გაზიარება, გადაყიდვა, გავრცელება და კომერციული გამოყენება დაუშვებელია.

ეს მუსიკალური კომპოზიციები იმავე შემოქმედებითი გარემოდან იბადება, სადაც წლების განმავლობაში იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები, კალიგრაფიული ნამუშევრები, ორნამენტები და ფორმის ახალი ძიებები. იქ, სადაც ასო მხოლოდ ტექსტის ნიშანი აღარ არის და ხაზად, მოძრაობად, რიტმად და მხატვრულ სახედ იქცევა, მუსიკაც ბუნებრივად უერთდება საერთო შემოქმედებით პროცესს.

კომპოზიციები კონკრეტულ ამბავს არ ჰყვება და ხელნაწერების ილუსტრაციად არ არის შექმნილი. მათი სათავე უფრო მეტად იმ ატმოსფეროშია, რომელიც მუშაობის პროცესს ახლავს: დილის სინათლე სამუშაო მაგიდაზე, კალმის თანაბარი მოძრაობა, ხანგრძლივი სიჩუმე, მოულოდნელი აღმოჩენა, ფურცლების შრიალი, დაღლილობის შემდეგ გახსნილი მეორე სუნთქვა, სწრაფი მონასმის ენერგია და ისეთი წამები, როცა ერთი პატარა დეტალი მთელ ნამუშევარს ახალ მიმართულებას აძლევს.

ქართული დამწერლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ამ მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის ფორმებში დაცული პროპორციები, რიტმი და ხასიათი თანამედროვე კალიგრაფიულ ნამუშევრებში ახალ სიცოცხლეს იძენს. ძველი ხელნაწერი აქ მხოლოდ მემკვიდრეობა არ არის — იგი დაკვირვების, აღმოჩენისა და ახალი მხატვრული ძიების სათავედაც იქცევა.

კომპოზიციებს განსხვავებული ხასიათი აქვს. ზოგიერთში მოძრაობა და ენერგია ჭარბობს, ზოგიერთში — სიჩუმე და მოსვენება, სხვებში კი მსუბუქი თამაში და მოულოდნელი იუმორიც კი იგრძნობა. ერთად ისინი ქმნიან იმ წარმოსახვითი სახელოსნოს მუსიკალურ პანორამას, სადაც ძველი ფორმები ახალ აზრებს ხვდება, ხელით დაწერილი ასო ციფრულ მრუდებად გარდაიქმნება, ხოლო ვიზუალური რიტმი მუსიკალურ რიტმად გრძელდება.

თითოეულ კომპოზიციას თავისი მცირე სცენა აქვს. ზოგიერთი მათგანი სამუშაო პროცესის ერთ წამს გვაჩვენებს, ზოგი კონკრეტულ ვიზუალურ სახეს ან მოძრაობას ასახავს, ზოგი კი დროს, მეხსიერებასა და ადამიანის ხელით შექმნილი ნამუშევრის კვალს ეხება. მოსმენისას ეს მუსიკალური ჩანახატები კალიგრაფიის სამყაროს კიდევ ერთი მხრიდან — ხმისა და განწყობის მეშვეობით გვიხსნის.

მოუსმინეთ კომპოზიციებს

01. თანამედროვე ხელნაწერები (Modern Manuscripts)

ახალი ხელნაწერი ძველი ტრადიციის გაგრძელებიდან იბადება. საუკუნეების წინ შექმნილი ფორმები კვლავ ჩნდება ფურცელზე, მაგრამ უკვე სხვა ხელით, სხვა გამოცდილებითა და სხვა რიტმით. კალიგრაფი აკვირდება წინაპართა ნამუშევარს, სწავლობს მის ენას და შემდეგ ეძებს საკუთარ მოძრაობას, საკუთარ სივრცესა და საკუთარ ორნამენტს.

02. მზის შუქი სკრიპტორიუმში (Sunlight in the Scriptorium)

დილა ნელა შემოდის ოთახში. მზის სხივი სამუშაო მაგიდას გადაჰკრავს და თანდათან უახლოვდება ფურცლების დასტას. იქვე მელანი, კალმები და კალიგრაფის სხვა ხელსაწყოები მოლოდინშია. ირგვლივ სიმშვიდეა, რომელსაც მალე მუშაობის მოკრძალებული ხმები დაარღვევს.

03. ჩუმი ოსტატობა (Quiet Mastery)

ნამდვილი ოსტატი ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს. მტკიცე და მოზომილი ხელით შესრულებულ თითოეულ მონასმს თავისი დანიშნულება აქვს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ხელის მოძრაობაში იმდენად ბუნებრივად გადადის, რომ შრომა ჰარმონიული ხდება. რჩება სიზუსტე, სიმშვიდე და ხელი, რომელმაც უკვე იცის, როგორ დაიწყოს და სად შეჩერდეს.

04. გადაბმული ასოების პულსი (Pulse of Joined Letters)

მხედრული ანბანი სწრაფად წერის მოთხოვნილებით დაიხვეწა. ვიწრო შტრიხის სწრაფი მონასმი, მსუბუქი მოხვევა და ხაზის გაგრძელება — ერთ ასო-ნიშანს მეორე მიჰყვება და გადაბმული ასოები ერთიანი გულისცემით იწყებს სიცოცხლეს. მათი პულსი ქაღალდზე აღიბეჭდება და ხელნაწერს სიცოცხლის ენერგიით ავსებს.

05. შუადღე გვერდებს შორის (Afternoon Between Pages)

სამუშაო დღის შუაგულში დრო თითქოს ნელდება. ხელნაწერით შევსებული ფურცლებიდან მზერა იქვე მდებარე დაუსრულებელ გვერდზე გადადის და ფიქრისკენ გიწვევს. ხანმოკლე შესვენებაც საკმარისია, რათა კარგად ნაცნობი ასო-ნიშნების ფორმები მოულოდნელად სხვა შუქზე, სხვაგვარად დაინახო.

06. წინსვლის ახალი გზა (New Way Forward)

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილება კალმის გვერდზე გადადებაა. დაბრუნებისას ძველი ნამუშევარი უკვე სხვაგვარად იკითხება. ერთი პატარა დეტალი შეიძლება ახალ აღმოჩენად იქცეს, რომელიც მომდევნო სამუშაოს შეცვლის, სხვა მიმართულებას გახსნის და სრულიად ახალ ჩანაფიქრს დაუდებს სათავეს.

07. ციფრული თავგადასავლები (Digital Adventures)

მონიტორის ეკრანზე ასოები ახალ სხეულს იძენს. მელნის მონასმები ვექტორულ მრუდებად გარდაიქმნება და ხელნაწერი ციფრულ სივრცეში ახალ სიცოცხლეს პოულობს. ინსტრუმენტი შეიცვალა, ძიება კი იგივე დარჩა: როგორ შეინარჩუნო ასო-ნიშნების ხასიათი მაშინ, როცა მათი გარემო მთლიანად განახლდა.

08. სამი ცოცხალი ანბანის გახსენება (Remembering Three Living Alphabets)

ასომთავრული, ნუსხური და მხედრული მხოლოდ წარსული განვითარებისა და ცვლილების კვალი როდია — სამივე დამწერლობა საკუთარი ფორმით, რიტმითა და ხასიათით დღესაც განაგრძობს არსებობას. მათ ქვაზე კვეთენ, ფრესკებზე აწერენ, ხელით წერენ, ბეჭდავენ და ყოველდღიური გამოყენებით კვლავ ცოცხლად აკავშირებენ ჩვენს დროს ქართული დამწერლობის კულტურასთან.

09. წიგნის აკინძვა სანთლის შუქზე (Bookbinding by Candlelight)

საღამო ჩამოწვა და ოთახში სიბნელე გამეფდა, თუმცა წიგნის შექმნა ჯერ არ დასრულებულა. ელექტროენერგიის გათიშვა საქმეს ვერ შეაჩერებს, რადგან სანთლის პატარა ალის შუქი საკმარისია ძაფის, გადაკეცილი ფურცლებისა და მათი კიდეების დასანახად. წიგნის აკინძვა ნელა, აუჩქარებლად გრძელდება — ხელის ფრთხილი მოძრაობითა და სანთლის მერყევი სინათლის თანხლებით.

10. ჩანახატები დეკემბრის მიწურულს (Late December Drafts)

წლის ბოლო დღეებს განსაკუთრებული სიმშვიდე ახლავს. დასრულებული ხელნაწერები გვერდზე გადაიდება, გონებაში კი ახალი ჩანაფიქრები იკავებს ადგილს. ჩანაწერები და ჩანახატები ნელ-ნელა მომავალი სამუშაოს გეგმებად იქცევა. წელი ახალი წლის მოლოდინში მიილევა და მაგიდაზე დაგროვებული ესკიზებიდან მალე მორიგი ხელნაწერი დაიბადება.

11. ქარით გაფანტული ფურცლები (Wind-Blown Sheets)

ჰაერის უეცარი ნაკადი ოთახს გადაკვეთს. მაგიდაზე დალაგებული ქაღალდის ფურცლები იფანტება და ჰაერში შეთამაშების შემდეგ ქაოტურად მიმოიფინება იატაკზე. დასრულებული და დაუმთავრებელი ხელნაწერი გვერდები ერთმანეთს ერევა — თითქოს ქარმა წამიერად თავად აიღო კალამი და სკრიპტორიუმის წესრიგში საკუთარი სტრიქონი ჩაწერა.

12. კალამი სწრაფ მოძრაობაში (Pen in Fast Motion)

კალამი სწრაფად მისრიალებს ფურცელზე. ერთი მონასმი შეუჩერებლად ებმის მეორეს, ხელის მოძრაობა ძლიერდება, თუმცა მისი რიტმი კონტროლს არასოდეს კარგავს. სწრაფი წერა დაუდევრობას არ ნიშნავს — პირიქით, იგი მრავალწლიანი ვარჯიშით გამომუშავებული თავისუფლების ნიშანია.

13. ფარული ასოების გეომეტრია (Geometry of Hidden Letters)

ხილული ასოების მიღმა უხილავი ნიშნების სისტემა იმალება — ანდა შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: ნიშნების სისტემა ქმნის წასაკითხ ასოებს. წრეები და სამკუთხედები ვიზუალურ კოდად იქცევა, ხოლო მათი ცვლადი ურთიერთგანლაგება ცალკეულ ასო-ნიშანს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ეს გეომეტრიული ფორმების აბსტრაქტული კომპოზიციაა, სინამდვილეში კი ამ გამოსახულებებში მთელი ანბანი იკითხება.

14. ვაზის ორნამენტებს შორის (Among Vine Ornaments)

ვაზის ფოთლები და მრუდე ღეროები ასოებს შორის იკარგება და კვლავ ჩნდება. ორნამენტი ტექსტს გარს ევლება, ცარიელ სივრცეებს ავსებს და ფურცელს მოხდენილი მცენარეული მოტივით მოსავს. შემთხვევითი არ არის ანბანისა და ვაზის მეგობრობა უძველეს და თანამედროვე ქართულ ხელნაწერებში — საქართველო ხომ ღვინის აკვნად იწოდება.

15. უძველესი ასოების გამოძახილი (Echoes of Ancient Letters)

უძველესი ასოები საუკუნეთა ბინდიდან გამოანათებს. მათი პროპორციები, აგებულება და ფორმის გამომსახველობა წერის ახალ ტექნიკაშიც განაგრძობს არსებობას. დროის სიღრმიდან მომავალი მოხაზულობა კვლავ ჩნდება ფურცელზე და გვახსენებს, რომ ცოცხალი ტრადიცია მხოლოდ მეხსიერება არ არის — იგი განახლების შესაძლებლობაცაა.

16. ჯვრებისა და მარგალიტების სტრიქონები (Lines of Crosses and Pearls)

მომრგვალებული ასო-ნიშნები ერთმანეთს მწკრივად მიჰყვება, როგორც ძაფზე ასხმული მარგალიტები. ასოების დამაკავშირებელი ვერტიკალური მონასმები მათთან ერთად მშვიდ, ჯვრისებურ ფორმებს ქმნის და თანდათან მთელი სტრიქონი ვიზუალურ ორნამენტად გარდაიქმნება. სიტყვა იკითხება და თითქოს ქაღალდზე გულისცემის რიტმი აღიბეჭდება.

17. საგანძური, რომელიც დარჩება (Treasures That Remain)

ხელნაწერის ყოველი გვერდი ხელის პირველი მოძრაობით იწყება, მას კი ტექსტის მომდევნო სტრიქონები ემატება. დრო გადის და ერთხელაც ხელი, რომელიც წიგნებს ქმნიდა, შესაძლოა გაქრეს, ქაღალდი დაძველდეს, მელანი მცირედ გახუნდეს, თუმცა შრომის კვალი დარჩება. მასში კვლავ იცოცხლებს შეხება, მოთმინება და ადამიანის წარმოსახვა, რომელსაც შემდეგი თაობა აღმოაჩენს.

18. სადაც სამყაროები გადაიკვეთებიან (Where Worlds Meet)

ხელნაწერის ორნამენტში სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ფორმები ერთმანეთს ხვდება. აღმოსავლური მრუდები, ბიზანტიური გავლენები, ჯვრები, ფოთლები და გეომეტრიული დეტალები ერთ ფურცელზე იყრის თავს. საუკუნეები ერთმანეთს კვეთს და განსხვავებული ტრადიციები ერთ მხატვრულ სივრცეში განაგრძობს სიცოცხლეს.

19. ღვინის ლაქები ქაღალდზე (Wine Stains on Paper)

ღვინის ერთი წვეთი საკმარისია, რომ იდეალურად მოწესრიგებულ სამუშაო მაგიდაზე ყველაფერი შეიცვალოს. მისი ლაქა ქაღალდის ზედაპირზე იშლება და შემთხვევითობის წარუშლელ კვალს აჩენს. სიზუსტისა და კონტროლის პირობებშიც კი, ადამიანის ყოფა თავის პატარა, დაუგეგმავ ნიშანს ტოვებს სამყაროში.

20. მელნიდან პიქსელამდე (From Ink to Pixel)

ტექნიკის განვითარებასთან ერთად, შემოქმედებით გზას მელნის კვალიდან ციფრულ ფორმებამდე მივყავართ. ხელით შესრულებული მონასმები ალგორითმულ მრუდებად გარდაიქმნება, მრუდები ფორმად იკვრება, ფორმები კი ახალ სივრცეში იწყებს არსებობას. ინსტრუმენტები იცვლება, მაგრამ ანბანის მიმართ დამოკიდებულება უცვლელი რჩება: მისი გამომსახველობა, ხასიათი და ცოცხალი აღქმა ახალ სამყაროშიც უნდა შენარჩუნდეს.