ჩაგანავას კოდის ანბანის მოსახაზი და გასაფერადებელი წიგნი

ისწავლეთ ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების გეომეტრიულ ფიგურებად გამოსახვა

ჩაგანავას კოდის ანბანის მოსახაზი და გასაფერადებელი წიგნი – წიგნის ყდა

წიგნი ხელმისაწვდომია ამაზონზე

ენა: ინგლისური.
ყდა: რბილი.
112 გვერდი.
ზომა: 8,5 × 11 დიუმი (21,6 × 27,9 სმ).

შეიძინეთ ამაზონზე

„ჩაგანავას კოდის ანბანი“ ლევან ჩაგანავამ 2018 წელს გამოიგონა. ეს არის ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის ვიზუალური კოდი, რომელიც ორობითი (ბინარული) კოდირების საშუალებით ანბანის ასოებს, ციფრებსა და სიმბოლოებს გეომეტრიული ფიგურების სახით გამოსახავს.

ამ წიგნის მიზანია დაგეხმაროთ სიმბოლოთა კოდირების სისტემის გააზრებაში, გაგიუმჯობესოთ ვიზუალური აღქმა და სახალისო, შემეცნებითი პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით სრულყოფილი მრუდებისა და ხაზების გავლების ხელოვნებას დაგაუფლოთ.

წიგნის ცალკეულ გვერდებზე მოცემულია ანბანის დიდი და პატარა ასოები, ციფრები, სასვენი ნიშნები და სიმბოლოები თავიანთი რვანიშნა ორობითი მნიშვნელობებით, რომლებიც ნულებისა და ერთიანების თანმიმდევრობისგან შედგება. აქვე იხილავთ ღია ნაცრისფერი კონტურებით შესრულებულ მატრიცებსაც, რვა წრისა და რვა სამკუთხედის კომბინაციებს. თქვენი ამოცანაა, მატრიცების შემოხაზვითა და გაფერადებით სიმბოლოთა ორობითი მნიშვნელობები ვიზუალურ ფორმებად გარდაქმნათ.

„ჩაგანავას კოდში“ ნული წრით არის განსაზღვრული, ერთიანი კი – სამკუთხედით. შესაბამისად, საჭიროა დათვალოთ, რამდენი ნული და ერთიანია ამა თუ იმ სიმბოლოს ორობით კოდში და დააკვირდეთ ამ ციფრთა თანმიმდევრობას. შემდეგ კი მატრიცაზე მუქი ფერით შემოხაზოთ მხოლოდ იმ წრეებისა და სამკუთხედების კონტურები, რომლებიც მოცემული სიმბოლოს ორობით კოდს შეესაბამება.

შედეგად მიიღებთ მუქად შემოხაზული რვა ფიგურის კომბინაციას, რომელიც კონკრეტულ ასოს, ციფრს ან სიმბოლოს გამოხატავს. ბოლოს კი, ნიმუშების მსგავსად, ფერით შეავსეთ გეომეტრიული ფიგურის კონტურებს შორის არსებული სივრცე.

წიგნის ბოლოს, საგამოცდო დავალების სახით, გამზადებულ მატრიცებზე შექმენით 9–12 სიმბოლოსგან შემდგარი ძლიერი პაროლები დიდი და პატარა ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების ორობითი კოდების გამოყენებით.

სამუშაო გვერდები

ავტორისგან

ჩემს გამოგონებას ბიძგი მისცა 2018 წლის ზაფხულში ჩემს ახალგაზრდა პროგრამისტ ვაჟთან ორობითი კოდის შესახებ გამართულმა საუბარმა.

როგორც გრაფიკული დიზაინერი და შრიფტების შემქმნელი, კარგად ვიცნობდი ASCII-ს (American Standard Code for Information Interchange) სიმბოლოთა კოდირებას, თუმცა ამჯერად ჩემი ყურადღება სწორედ ორობითი, ანუ ბინარული კოდის სტრუქტურამ მიიპყრო.

ასოებისა და სიმბოლოების ბინარული მნიშვნელობების შესწავლისას, მათი გეომეტრიული ფიგურებით გამოსახვის ექსპერიმენტები დავიწყე.

მრავალი ვარიაციის მოსინჯვის შემდეგ განსაკუთრებით მომეწონა წრეებისა და სამკუთხედების კომბინაციები, რომლებმაც შთამბეჭდავი კომპოზიციები შექმნა. რაც მთავარია, ეს კომპოზიციები ზუსტად ასახავდა ანბანის ასოებს, ციფრებსა და სიმბოლოებს.

შესაძლოა, ამ ვიზუალურ კოდს ჰქონდეს პოტენციალი, მომავალში წარმატებით იქნას გამოყენებული მონაცემთა გადაცემაში. მანამდე კი დაკვირვებული ბავშვებისა და უფროსებისთვის ეს სახალისო წიგნი მოვამზადე, რათა მათში მონაცემთა კოდირების მაგიის შესწავლის ინტერესი გავაღვივო.

ასე რომ, გამომყევით ჩემს გამოგონებაში. გაერთეთ სიმბოლოთა ორობითი მნიშვნელობების წრეებად და სამკუთხედებად გარდაქმნის, გეომეტრიული ფიგურების შემოხაზვისა და გაფერადების სავარჯიშოებით. ამ წიგნის დასრულების შემდეგ კი, ინფორმაციის გაცვლის კიდევ ერთ მეთოდს დაეუფლებით.

გირჩევთ, ფიგურების კონტურების შემოსახაზად შავი ფანქარი გამოიყენოთ, შემდეგ კი, სურვილისამებრ, მათ შიგნით დარჩენილი თეთრი სივრცეები ფერადი ფანქრებით შეავსოთ.