ქართული კალიგრაფიის სახელმძღვანელო (საფუძვლები)

ეს წიგნი დაგეხმარებათ უკეთ აღიქვათ მშობლიური ანბანის ასოების ფორმები და აგებულება, ახლოს გაიცნოთ თანამედროვე ქართული კალიგრაფია და დახვეწოთ საკუთარი ხელწერა.

წიგნი შეიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომ ლამაზად წეროთ: ასოები, სრული სიტყვები და წინადადებები. ბოლოს კი, ვაზის ორნამენტებით დაამშვენოთ თქვენივე ხელნაწერები.

ქართული კალიგრაფიის სახელმძღვანელოს პირველი ინგლისურენოვანი გამოცემა: Georgian Calligraphy Workbook – The Basics, 2022 წლის ივნისის თვიდან გაყიდვაშია ამაზონის საბაზრო ქსელის ქვეყნებში. წიგნი განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის და ქართული დამწერლობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი კალიგრაფებისთვის.

ქართულენოვანი ვერსია 2023 წლის იანვრის თვიდან იბეჭდება ადგილობრივად, დამკვეთის მოთხოვნით. ზომა: A4 ‎(21 × 29 სმ), 100 გვერდი.

საქართველოს ფარგლებში, ადგილზე მოწოდებით, შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ წიგნის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი გამოცემა.

იხილეთ ჩვენი კონტაქტები საიტის თავში.

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამაზონის საერთაშორისო ქსელში შესაძენად, ხელმისაწვდომია წიგნის მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემა.

იხილეთ წიგნი ამაზონზე შესაძენად

სამუშაო გვერდები

ისწავლეთ კალიგრაფია პრაქტიკული სავარჯიშოებით

შესავალი ნაწილი:

ქართული დამწერლობის მოკლე აღწერა.

მხედრული ანბანის ასოების აგებულება და განლაგება.

კალიგრაფიული ნაწილი:

შეისწავლეთ ასო-ნიშნების წერის მიმართულება.

ივარჯიშეთ ხელწერაში ცალკეული, მკრთალი ასოების და სრული სიტყვების გაწერა-გამუქებით. იქვე, ცარიელ ხაზებზე დამოუკიდებლად წერეთ ასოებიც და სიტყვებიც. ისევე როგორც თავდაპირველ, ინგლისურენოვან გამოცემაში, ამ რედაქციაშიც ქართულ სიტყვებს ახლავს ინგლისური თარგმანი.

მხედრული ანბანის ბევრი ასოს გადაბმაა შესაძლებელი და აუცილებლად უნდა დაეუფლოთ ამ ტექნიკას, რაც წერის სისწრაფეს საგრძნობლად ზრდის და ხელნაწერსაც სილამაზეს მატებს.

დიდი ზომის ასო-ნიშნებს, რომლებშიც ხაზები, მრუდები, ან წრეებია ჩახატული, ჯერ შავი ფანქრით გაუმუქეთ კონტურები, შემდეგ კი ფერადი ფანქრებით შეუვსეთ შიდა, თეთრი ფონები. ეს სავარჯიშო მხოლოდ გასართობი არ არის, არამედ ბავშვებსაც და უფროსებსაც სრულყოფილი შტრიხების გავლებაში დაეხმარება. მომავალ კალიგრაფს კი, ასეთი პრაქტიკა დეკორატიული საზედაო ასოების ხატვისას გამოადგება.

დასკვნითი სავარჯიშოები:

ყურადღებით წაიკითხეთ დაბეჭდილი წინადადებები და გადაწერეთ ტექსტები თქვენი კალიგრაფიით. მარტივი წინადადებები მოგითხრობთ საქართველოსა და მის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებზე.

გააფორმეთ თქვენი ხელნაწერები ვაზის ორნამენტების მკრთალი კონტურების გაწერა-გამუქებით.

როგორც საგამოცდო დავალება ამ სახელმძღვანელოს ბოლოს, გადაწერეთ დიდი ქართველი მწერლების სტროფები ლამაზი ხელწერით და შექმენით საკუთარი კალიგრაფიული შედევრები.

ვიდეო

Georgian Calligraphy Workbook – The Basics (Video presentation of the book)

ინგლისურენოვანი გამოცემა ხელმისაწვდომია ამაზონზე

© 2024 Levan Chaganava. All rights reserved.